შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი: საქართველოს პრეზიდენტის თავში რა ტრიალებდა, არ ვიცი!

1569363723
"პირველ რიგში მადლობა, რომ ამ ეტაპზე მაქვს საშუალება საზოგადოებას მივაწოდო სრული ინფორმაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ" - ამის შესახებ გადაცემა 360 გრადუსში ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოა და მისი შეწყალება „დაგვიანებულიც“ კი არის.
"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის არცთუ ისე კარგმა რეპუტაციამ იმოქმედა იმაზე, თუ რა მოხდა ამ სისხლის სამართლის საქმეში.
რაც შეეხება გამოძიების საკითხს, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მან ის უნდა შეიწყალოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაასაბუთოს, რატომ გააკეთა. იქნებ მიუღებელი იყოს ეს გარემოება. საქართველოს პრეზიდენტმა ვერ განმარტა, თუ რატომ შეიწყალა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ სიმართლე გაინტერესებთ და თუ საზოგადოებასაც აინტერესებს, ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს.
ასლან ბეჟანიძე არ არის ამ დანაშაულის ჩამდენი პირი და სწორედ ამიტომ მოხდა პირველ და მეორე ინსტანციაში მისი გამართლება. მინდა აგიხსნათ, რამ განაპირობა ეს. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ამაზე გონივრული ეჭვი, როდესაც უზენაესის სამი მოსამართლიდან ერთ-ერთმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო იყო.
ნინო გვენეტაძემ კი, რომელიც ამ სამ მოსამართლეს შორის იყო, ის გადაწყვეტილენბა მიიღო, რაც არ უნდა მიეღო მას.
ეს იყო დაგვიანებული შეწყალების ქრონიკა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 წელი ასლან ბეჟანიძე იყო ძებნილი, ესეც არასწორია. ამ საქმეზე ძიება დაიწყო 2016 წელს და თუ პიროვნებას ბრალი არ აქვს წარდგენილი, ის ძებნილი ვერ იქნება.
საზოგადოების პათოსი თავიდან ბოლომდე მესმის, მაგრამ იმისთვის რომ დადგინდეს რეალური დამნაშავე, უნდა ჩატარდეს სწორად გამოძიება.
საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილად უნდა განმარტოს რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ. ეს საქმე ჩვენ ევროპულ სასამართლოშიც გავასაჩივრეთ.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიცი რა ტრიალებდა საქართველოს პრეზიდენტის თავში, თუ თავად იცის, განმარტება თვითონ უნდა გააკეთოს." - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით.
სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა.