ოხანაშვილი: ვებრძვით ორგანიზებულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს და ლოგიკურია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებია აუცილებელი

1558691847
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს IDFI-ს მონაცემების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ,მიყურადების ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები სამჯერ გაიზარდა
"სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრდა ქურდული მენტალიტეტთან, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და შესაბამისად, შესაძლებელია, გარკვეულწილად მატება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ამ დანაშაულებთან ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების გამოყენებაც არის აუცილებელი.",-ამბობს
ანრი ოხანაშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო წყვეტს, ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ლოგიკურია, რომ იქ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტური.
შეკითხვაზე, რომ ოპოზციის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ფარული მიყურადების მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენებაა და მიყურადება არაოფიციალურადაც ხორციელდება, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ილუზიაა, რომლებსაც ახსოვთ, რომ უმრავლესობაში ყოფნისას მსგავსი ქმედებებით თავად იყვნენ დაკავებული.
"ალბათ, ეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ილუზია იქნება უფრო მეტად, ვისაც პოლიტიკურ უმრავლესობაში ყოფნისას ახსოვთ, რომ მსგავსი ქმედებებით იყვნენ დაკავებული. ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება. ჩვენ და სახელმწიფო ვებრძვით ორგანიზებულ დანაშაულს, ქურდულ მენტალიტეტს, ქურდულ სამყაროს და ამ მიმართულებით ლოგიკურია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის აუცილებელი"-თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.
ამას გარდა, სატელეფონო მიყურადების მონაცემები IDFI-ს ცალკე აქვს გამოკვლეული. 2018 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, ორჯერ არის გაზრდილი სატელეფონო მიყურადებაზე სასამართლოში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობები 93% დააკმაყოფილა მოსამართლემ.
თუ რა ტიპის დანაშაულზე ითხოვენ საგამოძიებო უწყებები ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე თანხმობას, ამასთან დაკავშირებით IDFI-ის თანახმად, მოყვანილია რამდენიმე ტიპის დანაშაული, მათ შორის, თაღლითობა, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ქრთამის აღება და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება.
2018 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ არის გაზრდილი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოში განხილული შუამდგომლობები.