ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ბრძანებას წინ უსწრებდა ღაზის სექტორის სამხრეთში ისრაელელ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა.

ამასთან ერთად, ისრაელში აღშფოთებულები არიან ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევების გამო, რაც მძევალთა ცხედრების დაბრუნებას ეხება.

კერძოდ, ისრაელის მტკიცებით, „ჰამასი“ აყალბებს მძევალთა ცხედრებს და აჭიანურებს მათთან მყოფი 14 გარდაცვლილის ნეშტის გადაცემას, რასაც დაჯგუფებას ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმება ავალდებულებს. მათი ინფორმაციით, დღეს „ჰამასმა“ ისრაელს გადასცა ერთ-ერთი გარდაცვლილის ნეშტი, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჯერ კიდევ 2023 და 2024 წელს აღმოჩენილი ერთ-ერთი ისრაელელი ტყვის ცხედრის ნაწილები.

თარგმანი: პირველი არხი