"ნუ აფარებენ ხელს პროკურორები დამნაშავეებს!" - ამ მოწოდებით დღეს, 15:00 საათზე პროკურატურასთან კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს.

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაა, დღევანდელი აქცია იქნება გამაფრთხილებელი და იმ შემთხვევაში თუ მას არ მოჰყვება რეაგირება, ოჯახი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

უფლებადამცველის განმარტებით, უფროსმა მედდამ აღიარა, რომ მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი პაციენტის ისტორიას, რაც აჩენს ეჭვებს, რომ დოკუმენტი გაყალბდა.

"ერთი წელია პროკურატურას ეს ჩვენება უდევს, ადამიანი ამბობს, რომ ავადმყოფობის ისტორია გავაყალბეო და სამსახურებრივი სიყალბე სისხლის სამართლის კოდექსში შოთაძემ გააუქმა ფაქტობრივად, იმიტომ რომ წელიწადზე მეტია ამ ადამიანს პასუხისგებაში არ აძლევენ და პლუს ეს ადამიანი მუშაობს თავის თანამდებობაზე. უთხრა თეა ბეგიაშვილმა, რომ მას არაფერი ემუქრებოდა თუ ხელს მოაწერდა, შეჰპირდა ამას თეა ბეგიაშვილი, როცა ამ ადამიანის სახელსა და გვარს გავიგებთ და ეს ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ჩვენ გვეცოდინება ნათელი სურათი თუ ვინ დაიწყო ავადმყოფობის ისტორიის გაყალბება. შოთაძეები ფაქტობრივად მფარველობენ ამ დამნაშავეებს, ვინც 20 წლის პერსპექტიული დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელიო სიცოცხლეს გამოასალმა", - თქვა ზაზა ხატიაშვილმა.


შეგახსენებთ: 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.