თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა, ვაზისუბანში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდების მხარის თქმით, მამასა და შვილს კონფლიქტი იყო, იმის გამო, რომ გიორგი ბეროზაშვილი მამის კუთვნილი 21 000 დოლარს დაეუფლა და ნაწილი ტოტალიზატორში დახარჯა.

გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო, გიორგი ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა.

მათივე ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, გიორგი ბეროზაშვილმა კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო – კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.