თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ანატოლი გიგაურს სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
"რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ ანატოლი გიგაურისთვის წარდგენილი მუხლი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციელზე თავდასხმა გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლზე, ანუ პოლიციელზე წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ძალადობა. უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურდა რასაც ვამბობდით, ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და არ დასხმია თავს პოლიციელზე.
რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მაინც ვერ დავეთანხმებით, რადგან თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილება ვერ იქნება ჩვენთვის შედეგი. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამს გიგაურს პოლიციელი შეკრულ მუშტს". - განაცხადა მედიასთან ანატოლი გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.