საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მიხეილ მაჭავარიანს ურჩევს წარმოადგინოს მტკიცებულებები, სადაც სუს-ის თანამშრომლების მიერ საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გამოჩნდება.
მერაბ ტურავა „აიპრესთან“ საუბრისას მიხეილ მაჭავარიანის მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსაც პასუხობს და ამბობს, რომ მაჭავარიანი წლების წინანდელი საქმიდან პატარა ციტატას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს, რომლის მიზანი მისი დისკრედიტაციაა.
ტურავა ამტკიცებს, რომ იმ საქმეზე, რომელზეც მაჭავარიანი საუბრობს ქრთამზე არავინ დავობდა.
„მიხეილ მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადება ჩემთან მიმართებაში თითიდან გამოწოვილია. ეს მისი პარტიის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მათ მხედველობაში აქვთ ერთ-ერთი კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ მიიღო. იმ საქმეში ქრთამის აღების მუხლი საერთოდ არ ფიგურირებდა. მაშინ უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ პასუხისმგებლობა რიგით პოლიციელებს კი არ უნდა დაკისრებოდა, არამედ უპირველეს ყოვლისა მათი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა იყო. საქმე გამოძიებაში დაბრუნდა, რომ ამ პოლიციელების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილიყო. ამ საქმეზე პოლიციელებისთვის ქრთამის აღება არავის წარუდგენია და არც ქრთამის აღებაზე დავობდა ვინმე. მიხეილ მაჭავარიანი ამ საქმიდან რაღაც ციტატას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამბობს და ამით ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს რაც შეეხება, მე - ერთი მოსამართლე ვიღებ გადაწყვეტილებას? გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა ღებულობს. საუბრობს მოსამართლეების ზეწოლაზე, თუ ვინმემ განახორციელა მოსამართლეებზე ზეწოლა ეს ზოგადი ფრაზებით კი არ უნდა ითქვას, არამედ უნდა დასახელდეს გვარები ვისზე განხორციელდა, ვის მიერ და რაში გამოიხატებოდა ეს ზეწოლა. დიდი ინტერესით ველოდები მის მიერ ფაქტების გამომჟღავნებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაჭავარიანი და მისი გუნდი ცდილობდა მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას. თუ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა ჩემზე, ან ჩემს კოლეგებზე და ეს ფაქტები აქვს მაჭავარიანს, მაშინ მან ეს ფაქტები წარმოადგინოს“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.
მოსამართლე მაჭავარიანის კიდევ ერთ ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობამ ტურავა იმიტომ აირჩია საკონსტიტუციოს მოსამართლედ, რომ მან საქმეების განხილვა გააჭიანუროს.
„მე, ერთი მოსამართლე ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებას ვერაფრით ვერ გავაჭიანურებ. რომც მოვინდომო ამას მაინც ვერ გავაკეთებ, სასამართლოში ჩემს გარდა 8 მოსამართლეა, შესაბამისად გადაწყვეტილებას ჩემს გარეშეც შესანიშნავად მიიღებენ. ერთი მოსამართლე ვერაფერს ვერ გახდება, თუ მოსამართლეთა უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება მას. ჩვეულებრივი კანონის მიღებას 5 ხმა სჭირდება, ორგანული კანონის მიღებას კი 6.
ახლა მაჭავარიანი გამოუვალ მდგომარეობაშია, ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ მე - ერთი მოსამართლე ვარ გამწესებული, დანარჩენი ყველა სხვა მოსამართლე წინა ხელისუფლების დროს გაამწესეს.
მეტსაც გეტყვით, 20 ივლისს „ნაცმოძრაობის“ 42 დეპუტატის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი არ დაუჭირა. მაშინ მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე რომ არ ვიყავი, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს?! მოსამართლეთა ხმები 4/4-ზე გაიყო. გადაწყვეტილების მიღებისთვის მინიმუმ 5 ხმა იყო საჭირო. საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
მაჭავარიანს ერთი პრობლემა აქვს, ჩემზე ამბობს, რომ შევარდნაძის დროს იყო მოსამართლეო, მაგრამ თვითონ მინისტრი შევარდნაძის დროს არ იყო?! ამიტომ არგუმენტი, რომ შევარდნაძის დროს ვიყავი მოსამართლე ჩემს საწინააღმდეგო არგუმენტად არ გამოადგება“, - განუცხადა მერაბ ტურავამ „აიპრესს“.