უმაღლეს დონეზე ვიზიტის განხორციელება, პირველ რიგში, იმისკენ არის მიმართული, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მოხდეს იმ საკითხების წინ წამოწევა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის შუა დერეფნის განვითარების, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით, -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ის პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში უზბეკეთში არის საქართველოსთვის საინტერესოა.

 „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავმართოთ ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა სექტორის, მიმართულების მინისტრებს ურთიერთშეთანხმებით და ურთიერთდიალოგის საფუძველზე მოახდინონ იმ თემების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია მომავალში ურთიერთობების გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, იქნება დიალოგი პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, სადაც შეიძლება ჩვენი პოზიციები იყოს ერთიანი და ამ მიმართულებით მაღალი დონის ვიზიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს აზრთა გაცვლა“, -  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.