საქართველოს პარლამენტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები უსმენენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა შოთაძეს ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება სთხოვა.
"დღეს ჩვენ ისევ წარმოგვიდგინეს პროკურორობის კანდიდატი, რომელიც არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, რომლის აქტიური მონაწილეობითაც სრულდება პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი. მინდა გკითხოთ, გაგრძელდება თუ არა ივანიშვილის მხრიდან ეს არაფორმალური დევნა ბატონი ფარცხალაძის ხელით, იმიტომ რომ ვიცით, თქვენ უშუალოდ დაკავშირებული ხართ ბატონ ფარცხალაძესთან.
თქვენი აზრით, სწორი იყო თუ არა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მთავარი პროკურორი, რომელიც გერმანიაში ქურდობისთვის იყო მსჯავრდებული? სწორია თუ არა კრიმინალური წარსულის მქონე მთავარი პროკურორის ყოლა? რამდენად მჭირდო ურთიერთობა გაქვთ დღეს თქვენ მასთან? ფინანსურ პოლიციაში თქვენ ასევე მუშაობდით მასთან ერთად. იყო თუ არა სამარცხვინო, რომ მთავარი პროკურორი იყო ნასამართლევი. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს? "- აღნიშნა გაბაშვილმა.
"ოთარ ფარცხალაძემ პირველ მოადგილედ დამნიშნა, როდესაც გახდა მთავარი პროკურორი. ვწუხვარ რომ მასზე ამ ფორმატში მიწევს პასუხის გაცემა. ორივეს ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ის არის ჩემი მეგობარი, მაგრამ აქ იმაზე საუბარი ვინმე ვინმეს კადრია, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. პოლიტიკური შეფასების გაკეთებას ჩემს მეგობარზე არ ვაპირებ, ეს პოლიტიკოსებისთვის მომინდია", - უპასუხა ირაკლი შოთაძემ გიორგი გაბაშვილს.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ინფორმაცია მისი გერმანიაში ნასამართლების შესახებ.