"მე ვკითხე ალასანიას, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ კოდორის ხეობა ჩაბარდება? მე ვიქნები პასუხისმგებელიო და სწორედ ამიტომ დავუსვი მერე კითხვები!”,-ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა "ობიექტივის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც კვიციანმა აღნიშნა, თავის დროზე კოდორში ჯარის შეყვანის წინადადებით მას ირაკლი ალასანიამ მიმართა.
"რაც შეეხება ალასანიას... ის დანიშნეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, ერთხელ დამირეკა და მითხრა, შენი ნახვა მინდაო. შევხვდით, მითხრა რომ გუბერნია უნდა გაუქმდესო, მე უნდა ვუხელმძღვანელო იქ ყველაფერსო. მე კი ვუთხარი, ნუ დაშლი გუბერნიას, სხვა ადამიანი დანიშნე თქო ჩემს მაგივრად. არაო, აუცილებლად უნდა დავშალოთ გუბერნიაო, მოკლედ ისე გავაკეთებთ, რომ აფხაზები უკვე იძულებული იქნებიან სხვანაირად დაგველაპარაკონო... ძალიან ბევრ ფულს შევყრითო, ჯარს შევიყვანთო! აქ უკვე მივხვდი რა ხდება და რას აპირებდნენ - კოდორის ჩაბარებას.
შენ, მეთქი დღეს ხარ უფროსი, მაგრამ რა იცი, ხვალ სხვა მოვა და... ვკითხე, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ კოდორის ხეობა ჩაბარდება თქო, მე ვიქნები პასუხისმგებელიო და სწორედ ამიტომ დავუსვი მერე კითხვები!",-განაცხადა კვიციანმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს, საქართველომ კოდორის ხეობაზე კონტროლი დაკარგა.