ამ სტატუსზე დართულ ვიდეორგოლში შეგიძლიათ იხილოთ ქართული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენლის და მართლმსაჯულების სისტემის მკვეთრი კრიტიკოსის (რომელიც უშუალოდ მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით მუშაობს) - კახა წიქარიშვილის გამოსვლა და, რეალურად, თვითაღიარება საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 19 დეკემბერს, სადაც ის პრაქტიკულად ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ბაზა გამართული და ,,სუპერია“ (პირდაპირი ციტირება), თუმცა ვინაიდან მათ კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ, ძალაუნებურად უწევთ ,,ახალი ველოსიპედის“ გამოგონება (ესეც ციტირება) და პარადოქსულ ცვლილებებს ითხოვენ: - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.
"ორმაგი 2/3-იან კვორუმს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობის გაუქმებას და ა.შ., რაც, მისივე აზრით, არ არის კარგი, თუმცა - სხვა გზა არა აქვთ და ამ მეთოდით მუშაობს მთელი არასამთავრობო სექტორი, ანუ - კონკრეტული პერსონების გამო მზად არიან და დიდი ძალისხმევით ცდილობენ, დააზიანონ მართლმსაჯულების საკანონმდებლო ბაზა და ის რეფორმები, რაც, ამავე აღიარებით, გამართული და სრულიად მისაღებია, თუმცა უწევთ უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების მოთხოვნა და, შესაბამისად, კარგი და მართებული სისტემის მიზანმიმართული დაზიანება, კონკრეტულ მოსამართლეებთან ბრძოლის საბაბით.
შეგახსენებთ, რომ კახა წიქარიშვილი, სწორედ აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის ლიდერ სხვა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, შეახვედრეს საქართველოში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს - მაიკ პომპეოს 2020 წლის 18 ნოემბერს.
აი, ეს აღიარება უდავოდ ადასტურებს რეალური მიზეზს, რის გამო მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩემი კოლეგების სანქცირების შესახებ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მათი კორუფციაში ჩართულობის შესახებ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, უმძიმეს ბრალდებას.
შირმაა ის, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ ,,ქართველი ხალხის გვერდით დგას“. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის შეჯამება, რომელიც ნამდვილად არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და არც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება საქართველოში." - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ