არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსით, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა, არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის, არამედ დასავლეთის ქვეყნებიც დაინტერესდნენ.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. თეა წულუკიანმა ახალგაზრდებს ის ნოვაციები გააცნო, რომელთაც „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლითაც ქართულმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებამ ახალი სახე შეიძინა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც ინოვაციური და რევოლუციურია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისათვის, დასავლეთ ევროპისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული მოდელით საფრანგეთი დაინტერესდა. ეს იმ ხანგრძლივი და კომპლექსური შრომის შედეგია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ კოდექსზე მუშაობის პროცესში გასწია. დღეს ქართული მართლმსაჯულება კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებსა და იმ ბავშვებს, ვისაც შეიძლება, მოწმის სტატუსი ჰქონდეს, სთავაზობს ისეთ მიდგომებს, რომლებიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც, მაგალითად, საფრანგეთისთვისაც, საყურადღებოა ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცულობის კუთხით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.