საქართველოში ბოლო სამ წელიწადში, 33,400 წყვილი განქორწინდა, საერთო სასამართლოებში წარდგენილი საოჯახო კატეგორიის სარჩელების განხილვა კი, წლების განმავლობაში, მოსამართლეთა სიმცირის გამო, არ ხდება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ლიზი ზუხბაიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და არსებული მდგომარეობის შესახებ შესწავლის შედეგები წარმოადგინა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, დგინდება, რომ სასამართლო სისტემაში ყველაზე დიდ ინსტანციაში - თბილისის საქალაქო სასამართლოში, საოჯახო კატეგორიის დავებში, მხოლოდ 2021 წელს, 2341 სარჩელი იქნა წარდგენილი, 2020 წელს - 1761, 2019 წელს კი - 2057. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის ბრძანებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების კატეგორიაში გამწესებულია 6 მოსამართლე, რაც გაზრდილი საქმეთა ნაკადის პირობებში, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საოჯახო დავების განხილვის პროცესში შექმნილია სრული კოლაფსი, რაც გამოიხატება დროში გახანგრძლივებული სამართალწარმოების პროცესითა და მეორეს მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებული ეგზემპლარის გადმოუცემლობით. ამდენად, ამ კუთხით არსებული მდგომარეობა სასამართლოსთვის ხელმისწავდომიბის იდეას მნიშვნელოვანად აზარალებს. როგორც წესი, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. მხარეები, ძირითად შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის გზით განქორწინების ფორმას ირჩევენ, თუმცა შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინებასთან დაკავშირებით, გარკვეული მოსაზრებებით, შემდგომში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არ იქნეს წარდგენილი. ამდენად, ოფიციალური მონაცემის მხედველობაში მიღების დროს, მნიშვნელობა ენიჭება მარეგისტირებელ ორგანოში არსებულ ინფორმაცია. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 13 აპრილის მდგომარეობით არსებული მდგომარეობა. დგინდება, რომ განქორწინების სტატისტიკა, ყოველწლიურად მზარდია. ბოლო 39 თვის მონაცემით, საქართველოში 33,400 განქორიწნების რეგისტრაცია განხორციელდა. 2019 წელს - 11,352, 2022 წელს - 7724, 2021 წელს - 10,788, ხოლო 2022 წლის პირველი სამთვენახევრიანი მონაკვეთით, 3536 განქორწინების განაცხადი იქნა მიღებული. მთლიანობაში, ეს მონაცემი აერთიანებს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე წყვილის მარეგისტრირებელი ორგანოს მიმარ წარდგენილი და განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილებული განცხადების მონაცემს. ორგანიზაციას განქორწინების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია 2019 წლამდე არსებულ პერიოდზეც გააჩნია. კერძოდ, საუბარია 2015-2018 წლებში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველოში განქორწინების რიცხვი მითითებულ პერიოდში შეადგენდა 37,892-ს. კერძოდ, 2018 წელს - 8845, 2017 წელს - 10 452, 2016 წელს - 9 513, 2015 წელს - 9 082. 2019-2022 წლის პირველი ნახევრისა და 2018-2015 წლების სრული მონაცემი, თითქმის იდენტურია. მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია. ამასთან, ორგანიზაციის ინტერესი გამოიწვია საქორწინო ხელშეკრულებების მიმართ დაქორწინებული პირების მენტალურმა, ინსტიტუციურმა და უფლებრივმა მიდგომამ. ორგანიზაციამ შეისწავლა, როგორც რეგისტრირებული საქორწინო კონტრაქტების, ასევე მათი გაუქმების მაჩვენებელიც. დგინდება, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, სულ დამოწმდა 205 საქორწინო კონტრაქტი. კერძოდ, 2019 წელს - 40 საქორწინო ხელშეკრულება, 2020 წელს - 39, 2021 წელს - 126. ამავე პერიოდში, გაუქმებული იქნა 3 საქორწინო ხელშეკრულება. ორგანიზაციას საქორწინო ხელშეკრულებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია 2019 წლამდე არსებულ პერიოდზეც გააჩნია. კერძოდ, საუბარია 2015-2018 წლებში არსებულ მდგომარეობაზე. დგინება, რომ ამ პერიოდში, საქართველოში სანოტარო წესით დამოწმებული იქნა 151 საქორწინო კონტრაქტი. ამასთან, დაცული მონაცემების მიხედვით, მხარეების მიერ ამავე პერიოდში გაუქმებული იქნა - 3 საქორწინო ხელშეკრულება. 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემით, ადგილი არ ჰქონია არც ერთი საქორწინო კონტრაქტის დადებას ან გაუქმებას. ამდენად, დგინდება, რომ საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმება, სულ უფრო ფუნქციურ მნიშვნელობას იძენს. 2015-2022 წლის მდგომარეობით, დადებული და რეგისტრირებული იქნა 356 საქორწინო ხელშეკრულება, ხოლო გაუქმებული - 6. ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან. საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.