იმერეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით 5 000 000-მდე ლარის ღირებულების 11 პროექტის განხორციელება იგეგმება. დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)​​ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა და CESL -ის პროგრამის ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა, თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. ​ შეხვედრის მიზანი იყო, ერთის მხრივ CESL -ის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის მხარეში, დაფინანსებული პროექტების წარდგენა და მეორეს მხრივ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით იმერეთში განსახორციელებელი პროექტებით გათვალისწინებულია მოეწყოს ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალები, მრავალფუნქციური ურბანული რეკრეაციის სივრცეები, ასევე ტურისტულ ლოკაციებზე შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საკემპინგე ადგილები. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ხელი მოეწერა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინის ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვას, რომლის სტრატეგიული მიზანია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ხელშეწყობა. შეხვედრა ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD)- ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) პროგრამის ფარგლებში გაიმართა.