ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მოინახულეს.
გია ცაგარეიშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ მიზნით, მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს ოთხ ქალაქში, სადაც დევნილი ოჯახები გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.