თუშეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი - ამის შესახებ ,,აიპრესს,, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები, რომელიც გზის გაწმენდას ითვალისიწნებდა დასრულებულია, გადაადგილება უსაფრხოა, თუმცა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც რჩება ტექნიკა მცირე დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით. ,,ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ არ არის გახსნილი, თუმცა გზა უკვე გახსნილია, ტექნიკამ ინტენიურად იმუშავა, რათა ადგილობრივებს და სტუმრებს შეუფერხებლად შეეძლოთ გადაადგილება. ტექნიკა, რა თქმა უნდა, თუშეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებში დარჩება, რათა შეფერხებების წარმოშობის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღმოფხვრილი დაბრკოლებები, - განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
თუშეთის გზის დროულად გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რათა დროულად მოხდეს საქონლის აყვანა მთაში, სტუმრების დასახვედრად საოჯახო სასტუმროები მომზადდეს და ა.შ. ცნობისათვის, თუშეთის საავტომობილო გზა მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზებს შორის ერთ-ერთია, სულ ცოტა ხნის წინ გზაზე ზვავის წამოშოლის შედეგად 100-მდე ცხვარი დაიღუპა.
გზა იმდენად რთულია, რომ ყოველწლიურად მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე იხსნება.