ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა) - ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. საუკეთესო პერიოდი მოსანახულებლად - აგვისტოს პირველი ნახევარი.

თუ როდისმე დაინტერესდებით, საიდან იღებს სათავეს მდინარე ხობისწყალი, მაშინ შეგიძლიათ აიკრათ გუდა-ნაბადი და სამეგრელოს მთებისკენ გაეშუროთ.

მაგრამ, ვინაიდან ნაკლებ სავარაუდოა, რომ როდისმე ერთ-ერთი ქართული მდინარის წარმომავლობით დაინტერესდეთ, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ ტობავარჩხილი აუცილებლად უნდა ნახოთ, ერთხელ მაინც. იმიტომ, რომ ეს ადგილი გეოგრაფიულ წერტილზე მეტად სულიერი მდგომარეობაა და ამას მაშინვე იგრძნობთ, როცა იქ მოხვდებით.

რა გჭირდებათ ტობავარჩხილზე მოსახვედრად?

5-6 თავისუფალი დღე, კარგი ფეხსაცმელი, კომფორტული ზურგჩანთა, თბილი საძილე ტომარა, უხვ ნალექზე გათვლილი კარავი, ლაშქრობის გამოცდილება, მამაცი გული, ყოჩაღი მუხლები და 5-6 დღის საკვები.

როგორ მოხვდეთ ტობავარჩხილზე?

ტობავარჩხილის მარშრუტი ’’თბილისი ცენტრალის’’ ავტოსადგურიდან იწყება - თბილისიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურამდე თქვენს გადაადგილებას კომფორტული ავტობუსი უზრუნველყოფს.

კომფორტული უკანასკნელი ეპითეტია, რომლითაც შეიძლება ის მანქანა დახასიათდეს, რომელიც მუხურიდან შემდეგ პუნქტამდე, ნათიფურუმდე აგიყვანთ: 

 

მანქანის ქირაობა მუხურშია შესაძლებელი, ნათიფურუ კი საბანაკე ადგილია, რომელიც სოფლიდან 30 კმ-ით არის დაშორებული.

ნათიფურუზე ასულებს ნისლი და ასეთი ხედი დაგხვდებათ: 

 

თავად ნათიფურუ კი ასე გამოიყურება: 

 

ნათიფურუდან ტბამდე 11 კმ-ია, ამ 11 კმ-ზე კი ყველანაირი ამინდი შეგხვდებათ და ყველანაირი გზის გავლა მოგიწევთ, რაც ტობავარჩხილის მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. აქ შეგხვდებათ დაბურული ტყე, ალპური მდელოები, ლოდებით სავსე თოვლიანი გზა; ივლით მზეში, წვიმაში, ქარში, ნისლში, თოვლში.

თავდაპირველად ბილიკი მეტყევეების მიერ ტრაქტორით გაჭრილ გზას მიუყვება:

 

შემდეგ გორაკებზე შეკიდული, მიხვეულ-მოხვეული, საცალფეხო ბილიკებია:

 

რომელთაც შერეული, დაბურული ტყე მოსდევს.

 

ტყე და მინდვრები რამდენჯერმე ენაცვლება ერთმანეთს, რის შემდეგაც მიადგებით მეჯოგეების ქოხებს. ხელიდან არ გაუშვათ მათ მეპატრონეებთან გამოლაპარაკების შანსი. თქვენ შეხვდებით ძალიან განსხვავებულ, მაგრამ ახლობელ ტიპაჟებს.

 

აქედან კი უკვე უღელტეხილისკენ მიმავალი ბილიკი იწყება - მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი.

მოგიწევთ ქვებით სავსე გზაზე სიარული:

 

არც ის გაგიკვირდეთ, როცა ლოდებით გარშემორტყმულ თოვლით დაფარულ გზაზე მოგიწევთ გადასვლა:

 

რომელიც შეიძლება ჩატყდეს:

 

თავად უღელტეხილი კი, რომელიც ზღვის დონიდან 3016 მეტრზეა, ასე გამოიყურება:

 

და რა თქმა უნდა, მთელი ამ მონაკვეთის მანძილზე თავს არ განებებთ თქვენი მუდმივი თანამგზავრი - ნისლი.

 

სასმელი წყალი და საბანაკე ადგილები მრავლადაა გზაში:

 

 ბოლოს კი, ბევრი სიარულის, წუწუნის, ნისლის, წვიმის, ცოტა საჭმლის და ცოტა დასვენების შემდეგ მიადგებით დანიშნულების პუნქტს: 

 

ტობავარჩხილი, როგორც ამბობენ, მისტიკური ადგილია. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ლეგენდის თანახმად, ვინც ტბაში ბანაობას გაბედავს, ის სასტიკი წვიმით დაისჯება. სამწუხაროდ, ამ ლეგენდის შემოწმება ვერ შევძელით - ტბა უანგაროდ, ყოველგვარი ბანაობის გარეშე გაგვიმასპინძლდა კოკისპირული წვიმით. სამაგიეროდ, აქაურობის მისტიკურობაში მაშინ დავრწმუნდით, როცა თოვლზე დადებულმა კამერამ ფოტო თავისით გადაგვიღო. ვინ იცის, იქნებ ახალი ლეგენდაც შემატონ ადგილობრივებმა თავიანთ ისტორიებს.

 

რა დაგრჩებათ ტობავარჩხილიდან ჩამოსულებს?  

გზაზე დატოვებული რამდენიმე კილოგრამი, ერთი-ორი ნაკაწრი, 2 მტკივანი ფეხი, ძალიან ბევრი კარგი მოგონება, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სასიამოვნო შეგრძნება იმისა, რომ გაიზარდეთ.  

 

მასალისა და ფოტორეპორტაჟის ავტორი: მიხეილ იაშვილი