სტიქიას ებრძვის თელავის მუნიციპალიტეტი. ადიდებულმა მდინარეებმა თელავში, წიწმატიანის სატუმბო სადგური დატბორა, საიდანაც ქალაქის მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში მარაგდება სასმელი წყლით. არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ადგილობრივები წყალს გრაფიკით მიიღებენ.
,,უხვი ნალექისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მდინარეების – ალაზნისა და თურდოს ადიდების შედეგად,თურდოს ხეობაში დაიტბორა წყლის სათავე ნაგებობა და წიწმატიანის სატუმბო სადგური.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქ თელავის მოსახლეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, წყალს გრაფიკით 08.00 საათიდან – 12.00 საათამდე მიიღებს.,, - ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილობრივი ფერმერებიც დააზარალა, წყალი შევარდა ფერმებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში.
,,რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ
და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში.
ადიდებულია მდინარეები ალაზანი და თურდო.
ადიდებულმა ხევებმა სოფელ ფშაველში, ლალისყურში, ქვემო ხოდაშენში, ყარაჯალასა და წინანდალში ფერმერებს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ზარალის დათვლა-აღწერა.,, - განუცხადეს ,,აიპრესს,, თელავის მერიაში.
ცნობისათვის, სასმელ წყალთან ერთად, ბუნებრივი აირიც არ მიეწოდება თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს. მიზეზი ადიდებული თურდოს ხევია, რომელმაც გაზსადენი მწყობრიდან გამოიყვანა.