თელავში, 50 წლამდე ასაკის ქალს პიტბული დაესხა თავს და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, ცხოველის თავდასხმის შესაჩერებლად კი მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებებით დაშავებული საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ქალს განსაკუთრებით მძიმე ჭრილობები სახის მიდამოში აღენიშნებოდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.









