ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და ასე შემდეგ - 9 შვილის მამა, ცნობილი ხულოელი უსტა ალექსანდრე (მთის ბინადრები)

1547995430
ალექსანდრე ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაოს მკვიდრია.
სახელოსნო ის ადგილია, სადაც ალექსანდრე დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ატარებს.
ცხრა შვილის მამა სახელოსნოში მეზობლის შეკვეთებს იღებს. ამბობს, რომ თავისი საქმიანობა განსაკუთრებით უყვარს. ალექსანდრე არა მარტო ხელოსნობით, არამედ სოფლის მეურნეობითაც არის დაკავებული.
ხელოსნის შესახებ სოფლის მკვიდრმა მზია შავაძემ "აიპრესს" დეტალურად ესაუბრა.
"სწორედ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას დღეს ჩვენი გამოცარიელებული სოფელი და თითქმის დახურვის პირას მდგარი ჩაოს მთა. ყოველ დილით ცისკარს ლოცვით ხვდება... დიდ ოჯახს უვლის, წისქვილს ამუშავებს, სახელოსნოში შეკვეთებს იღებს. სოფელში როგორც იტყვიან მზის გულზე ცხოვრობს... სოფლის დანარჩენი მაცხოვრებლებისაგან განსხვავებით უფრო მეტი კულტურა მოჰყავს მიწაზე. მისი გამოყვანილი კარტოფილის ჯიშები, სიმინდი, ნიორი და სხვადასხვა ბოსტნეულის სახეობა ყველასათვის ცნობილია.
მას ცხრა შვილი ჰყავს, 6 გოგო და 3 ტყუპი ვაჟი, რომელსაც ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დაარქვა.
ჰყავს მეუღლე გულვარდი, რომელიც ყოველთვის მის გვერდშია და ერთმანეთს უდიდესი პატივისცემით ექცევიან.
მათი ძირძველი ოჯახი დიდი ავტორიტეტით გამოირჩევა, სოფელში და სოფლის გარეთ.
ლოცვა და შრომა ერთმანეთს ავსებსო - სწორედ ეს არის მისი ცხოვრების წესი.
ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე მინდა ვუსურვო. ის უანგარო და სულიერად მოწესრიგებული პიროვნებაა. სოფლისმაცხოვრებლებზე ბევრი ამაგი აქვს. ღმერთი ყველგანაა და ყველაფერს ხედავს", - გვიყვება სოფელ ჩაოში მცხოვრები მზია შავაძე.
ფოტო "აიპრესს" მზია შავაძემ მიაწოდა.
ავტორი: ციური სოლომონიძე