ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მერიის სხდომაზე განაცხადა: 



„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ოზურგეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში ვგეგმავთ გზების რეაბილიტაციას და უკვე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცი, ჯამში 12 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ესენია: 
სოფ. მაკვანეთში (ბაღების უბანი) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2062 მ - დაიხარჯება 1 545 280,74 ლარი; დაბა ლაითურის (მე-9 რაიონი) შიდა გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3280 მ - 

დაიხარჯება 2 566 378,00 ლარი; სოფ. მთისპირის (დაბლა ვანისქედი) და სოფ. ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 1178 მ - დაიხარჯება 773 330,85 ლარი; სოფ. ცხემლისხიდის (უჩხუბის უბანი) და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 4028 მ - დაიხარჯება 2 199 670,00 ლარი; სოფ.ბახვისა და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2997 მ - დაიხარჯება 2 062 753,00 ლარი; ანასეულში ჩხაიძის (იმედაშვილის) ქუჩის რეაბილიტაცია - სიგრძით 1373 მ - დაიხარჯება 1 437 645,00 ლარი; სოფ.შრომაში ვაკისა და ზედუბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3278 მ - დაიხარჯება 3 102 188,00 ლარი“,- განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით მიმდინარე წლის თებერვალში,  იწყება კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობა თაყაიშვილის ქუჩაზე. 
„დაგპირდით, და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე თვეს უკვე ვიწყებთ კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. მოეწყობა გზის საფარი, საფეხმავლო ნაწილი, გამწვანება და თანამედროვე განათება. საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით დავიწყეთ ე. თაყაიშვილის ქუჩაზე ყველაზე პრობლემური საკითხის - სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. ამ ინფრასტრუქტურის გაუმართაობა უამინდობის დროს იწვევდა დატბორვას და პრობლემებს უქმნიდა ქვეითად მოსიარულეებს და მძღოლებს. წინა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება, თუმცა ჩვენ დაგპირდით და ვაკეთებთ,“- აღნიშნა მერმა.

ოზურგეთის მერმა  მუნიციპალიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეც, რომლის ფარგლებში უკვე დაიწყო შეხვედრები.  
„მოვუწოდებ ყველას ჩაერთოს  ამ პროცესში.  პროგრამის  ბიუჯეტი შეადგენს  - 1 086 000 ლარს. ცენტრალური ბიუჯეტით გამოყოფილ დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ვუმატებთ თანხას. გასულ წელს, ამ პროგრამით მოხდა სოფლის მოსახლეობისთვის საჭირო, არაერთი ინიციატივის დაფინანსება: მაგალითად სოფელის ცენტრების, მოსაცდელების, სკვერების  კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სხვა . რაც უფრო მეტია თქვენი ჩართულობა და დასაბუთებულია ინიციატივა, მით უფრო სწორად და გონივრულად იყენებს სოფელი ამ დაფინანსებას“- აღნიშნავს თალაკვაძე.