16 სექტემბერს, სენაკში, "ქალაქის დღე" აღინიშნა.
სახვითი ხელოვნების გალერეაში, გაიმართა ოქროს ფონდში დაცული ფერწერული ტილოების გამოფენა.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, კონცერტი - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.
გაიმართა სპორტული აქტივობები - ტურნირები ქართულ ჭიდაობასა და ნარდში. ნარდის ტურნირში გამარჯვებულებს, სენაკის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ფულადი ჯილდოები გადასცა.
სენაკმა უმასპინძლა ქალაქის ღირსეული შვილის, მსოფლიოში აღიარებული მხატვარ-ფერმწერის, არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელისა და პრემიების ლაურეატის, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრის, სენაკის საპატიო მოქალაქის, მწერალ ემელიანე (რეზო) ადამიას ნამუშევრების გამოფენას - ,,მეგრული ოდები“.
სიმბოლურად, ქალაქის დღეს გაიხსნა 1976-84 წლებით დათარიღებული ხელოვნების ძეგლის - ,,ხსოვნის კუბის’’ მემორიალური დაფა, რომლის ავტორები არიან სენაკის ღირსეული შვილები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, არაერთი პრემიისა და საპატიო ტიტულის მფლობელები, არქიტექტორები - ვახტანგ დავითაია და გიული გეგელია, ასევე - არქიტექტორი - შოთა ბოსტანაშვილი. ძეგლის მოქანდაკეა ვაჟა მელიქიშვილი.
საღამოს, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი, ანრი ჯოხაძე და ,,რანინელები“ - ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.
ღონისძიებას საქართველოს პარალმენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სენაკელები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამოსვლისას აღნიშნა: ,,მოხარული ვარ, რომ ჩემი მერობის პერიოდში, საფუძველი კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას ჩავუყარეთ - ჩვენი მშობლიური ქალაქის დღის აღნიშვნას.
გმირების ქალაქზე ზრუნვა და მისი შემდგომი განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ კოლხური ქალაქის ფასეულობები."