შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა საგანგებო მართვის გეგმა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა სამაგიდო ვარჯიში.
სწავლების მიზანს მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის დატესტვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
სწავლების მიმდინარეობისას მოეწყო საგანგებო შტაბი, სადაც წარიმართა შესაბამისი სამუშაო პროცესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის წარმომადგენლებმა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეც ტექნიკის გამოფენა.
დავით ბახტაძე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი : მნიშვნელოვანია სტიქიური მოვლენების მიმართ მუნიციპალური სამსახურის მზაობა, შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვისა გეგმა და უსაფრთხოების პასპორტი, დღეს მიმდინარეობს ღონისძიება რომლის ორგანიზებაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს მთავრობის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით ერთობლივად განვახორციელეთ.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.