საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და  გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მისი მოადგილეები სალომე წურწუმია და დავით გეწაძე, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩეი ჩურა, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჰიროიუკი მორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლები.

საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი და შედეგები.  ასევე, ისაუბრეს დაგეგმილი პროექტების შესახებაც.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერა, ძირითადად, მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზებისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისაკენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიან კოორდინაციას, პარტნიორობას და ურთიერთთანამშრომლობას და მომავალშიც, აუცილებლად, გაგრძელდება.