პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის სოფლების - ბახვისა და დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ მოსახლეობასთან „ქართული ოცნების" გუნდის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ და ჩვენს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. აქ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დასრულდა სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, დვაბზუში სრულდება საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ასევე დაგეგმილია არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი. ფონდი „ქართუს" დაფინანსებით დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აღდგენა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ჩვენი მოქალაქეების ნდობა და განწყობა იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. მადლობას ვუხდი მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის!,“- აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების” მიღწევებზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ოზურგეთში, ჩვენს განათლებულ, პროგრესულად მოაზროვნე და იუმორით სავსე გურულებთან. 26 ოქტომბერს ისევ ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, წარმატებული, ევროპული მომავლისთვის!,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი - ავთანდილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - დავით დარჩია, საკრებულოსა და საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები.