ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში,  რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მეტრი სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველობილიკები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას,  ქუჩის ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელებს. 

კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.6 მილიონი ლარით დაფინანსდა. 

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში, ოზურგეთში უკვე დასრულდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების) განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სხვადასხვა დანიშნულების შენობას, განახლდა გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედანი, განთავსდა მოსასვენებელი სკამები. 

სახელმწიფო პროგრამა განახლებული რეგიონების  ფარგლებში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკსა და მიმდებარე შენობებს, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარეგანათებები, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეები. 

ურბანული განახლების პროექტების განხორციელების შედეგად, შეიცვალა ქალაქის ცენტრალური ქუჩების  იერსახე, შეიქმნა ახალი მიზიდულობის სივრცეები, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მისი სტუმრებისთვის. 

მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მოინახულეს.