საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ.
ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია.
აშენდება ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური, მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარით ფინანსდება და მისი დასრულების შემდეგ ქ. ლანჩხუთისა და სოფელი მაჩხვარეთის 9200 ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.