ქალაქ გორში პარკირების ელექტრონული სისტემა დაინერგა. მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან პარკირების გადასახადი სავალდებულო ხდება, ხოლო უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ გორის მერია ავრცელებს.
პარკირებაზე ნებართვის მოსაპოვებელი აბონემენტების შეძენა გორელ მძღოლებს უკვე შეუძლიათ ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე.
აღნიშნული ინფორმაციის შესამაბისი შეტყობინებები დღეს მერიის შპს ,,გორის სერვისჯგუფის“ წარმომადგენლებმა მძღოლებს დაურიგეს და ჟურნალისტებს ახალი სისტემის მუშაობის პრინციპი გააცნეს.
ახალი ელექტრონული სისტემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების მოწესრიგების მიზნით შეიქმნა. აქამდე პარკირება ხორციელდებოდა კონტროლიორების სისტემით, რომელიც ხელზე გადახდისა და ე.წ. ,,სტაიანშიკების“ მომსახურების პრაქტიკის გამო არაკომფორტულთან ერთად არაეფექტურ სისტემას წარმოადგენდა. ახალი სისტემის მიხედვით კი მძღოლის მიერ აბონემენტის შესაძენად გადახდილი თანხა აისახება ელექტრონულ ბაზაში და მოხმარდება პარკირების სისტემის შემდგომ განვითარებას. ხოლო ჯარიმის სახით გადახდილი თანხები აკუმულირდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
პარკირების სისტემა, რომელიც გორში უნდა ამოქმედდეს, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების სისტემების ანალოგიაა. გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სისტემა დღემდე მოუწესრიგებელ პარკირების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
პარკირებას გორში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის №25 დადგენილებით, გორის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ,,გორის სერვისჯგუფი“ ახორციელებს. შპს-ს წარმომადგენლები მონიტორინგს გაუწევენ პარკირების ადგილებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ ჯარიმას დააკისრებენ. ჯარიმის შესახებ შეტყობინებას დამრღვევი მძღოლი ფოსტის საშუალებით მიიღებს.