მწვანე ტბა - მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, თუმცა მისი მონახულება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზეა შესაძლებელი- სანამ ზამთარში თოვლი დაიდება.
მწვანე ტბის მიდამოები ალპურ მდელოებს წარმოადგენს, გვხვდება შერეული ტყე, ძირითადად ფოთლოვანი, ასევე ცოტა ნაძვი და სოჭი.
ყველა თანხმდება და დამკვიდრებული ტერმინია - ბუნებას გაფრთხილება სჭირდება! - ანუ არ მოვჭრათ ხე, არ დავაბინძუროთ გარემო!
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ 2017 წელს განხორციელებული საველე გასვლის შედეგად იდენტიფიცირებული იყო 90-იან წლებში ჩატარებული დიდი რაოდენობით უკანონო ჭრები, ასევე მცირე რაოდენობით ახალი მოჭრილი ხეები.
მიმდინარე წელს კი, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის მთავარი მეტყევე ნოდარ შანთაძე მედიასთან ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ხე-ტყის უკანონო ჭრა აღარ შეინიშნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციები გამკაცრდა.
„ეს არის რეკრეაციული ზონა, რომელიც ტურისტებს იზიდავს ბუნებით, ლამაზი ხედით. ტყე აქ 90-იან წლებშია გაჩეხილი. ახლა ჭრა აღარ არის“, - ამბობს ნოდარ შანთაძე.
მისი თქმით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ბუნებრივი განახლება ხდება და ხელოვნურად დარგვის საჭიროება არ არის.
გეოლოგის ანგარიშში საუბარია მეწყრულ პროცესებზე. მწვანე ტბიდან დასახლებულ პუნქტამდე (საზაფხულო იალაღები) ტერიტორია ძირითადად მეწყრულია. მეწყერს რეცხავს წყლიანი ხევები და აწარმოებენ სიღრმით ეროზიას. აღნიშნულ პროცესებს აძლიერებს გზა, და მოსახლეობის მიერ მიშვებული სასმელი და სამეურნეო წყლის ნაკადები, რომელიც ასუსტებენ მეწყრის შეჭიდულობის ძალას.
ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილისა და მწვანე ტბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ამაგრებენ მეწყერსაშიშ ზონებს, რაც აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ ტერიტორიის ფარგლებში უკვე ფიქსირდება ტყის კორომების შემოფარგვლა, რაც იცავს ტყეს და ხელს უწყობს განახლებას.
ანგარიშში ხაზგასმულია მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება, თუმცა ეს პრობლემა მოგვარებულია იმ კუთხით, რომ ნაგვის ურნები დაიდგა, ახლა უკვე ადამიანის კეთილ ნებაზეა, მოხვდება თუ არა ნაგავი ნაგვის ურნაში.
როგორც აღვნიშნეთ, მწვანე ტბა მიმზიდველია ტურისტებისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტურისტული ბანაკები ეწყობა, გვხვდება კოცონი, რაც გეოლოგის შეფასებით, მაღალი საფრთხის შემცველია და საჭიროა აღნიშნული პროცესების მკაცრი კონტროლი.
და ბოლოს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN -ის რეკომენდაციაა, აღნიშნული ტერიტორია ბუნების ძეგლად გამოცხადდეს და დაწესდეს მასზე მკაცრი კონტროლი.
იგეგმება, რომ მწვანე ტბა ტურისტულ მარშრუტში ჩაისვას, მანამდე ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, 3200 მეტრის სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა თავისი სანიაღვრე არხებითა და საყრდენი კედლებით.
საბოლოო ჯამში, მწვანე ტბის მიმართულებით 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.