ქალაქ მცხეთაში, ევროპული ბრენდის, "ჯინო ჰოლდინგის" რიგით მეოთხე სასტუმრო "ჯინო ველნეს მცხეთა“ გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმროში განთავსებულია 46 საწოლიანი 22 სასტუმრო ოთახი, 100 ადამიანზე გათვილილი საკონფერენციო დარბაზი, პანორამული ლიფტი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ველნეს-სპა განყოფილება, ღია აუზი, ეზო-ბაღი "ოაზისი", ტერასა ჯაკუზი და ა.შ.
სასტუმროს ასაშენებლად 1 473 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და ორმოცაათმდე ადამიანი დასაქმდება.
"ჯინო ველნეს მცხეთას" ინვესტორისა და ბიზნესმენის ნოდარ გიორგაძის თქმით, კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის - ბაკურიანის დასასვენებელი გასართობი ცენტრის, საქართველოს კემპინგების ქსელისა და თბილისის ზღვაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ეკოქალაქის მშენებლობებს განახორციელებს.
სასტუმრო საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან გოჩა ზეიკიძეთან, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საზეიმოდ გახსნა.




