სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, მიმდინარე წლის თებერვლის სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო
მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციაპლიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო.
დაზიანებული სახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ზარალის დამთვლელი კომისიების დასკვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტებმა წარუდგინეს. მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებს დაზარალებულ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტები ჩაურიცხავენ.
ძლიერი ქარი სამეგრელოში 5-6 თებერვალს დაფიქსირდა, რამაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში კერძო სახლების სახურავების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაც რისი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.
გარდა კომპენსაციებისა, მთავრობის განკარგულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 3 059 000 ლარი გამოიყო.