ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ინტენსიურად იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის ყველა სოფელთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა.
ხვალ სტიქიის ზონაში გეოლოგები იმუშავებენ, შეისწავლიან ტერიტორიას, შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. პარალელურად გაგრძელდება სოფელ საყდართან დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლება.
„ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადავიდა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაადგილებისას გაითვალისწინონ მოქმედი შეზღუდვები და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.








