ხაშურში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი. პარალელურად, კონტრაქტორი კომპანია აწესრიგებს დაზიანებულ საგზაო ინფრასტრუქტურას.


პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შეხვედრები ინტენსიურად იმართება.
ადმინისტრაციულ შენობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ თურქული კომპანიის- „JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მოწყობისთანავე, კომპანიამ დაიწყო 9 აპრილის, გორის, თამარ მეფის, ბესიკის, სააკაძის ქუჩის მონაკვეთების მოწესრიგება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ფარნავაზის ქუჩაზე წყლის პროექტის განხორციელება. დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოსახლეობას დამატებით ეცნობება.
რაც შეეხება ქუჩების კაპიტალურ მშენებლობას, სრულდება დადიანისა და ყაზბეგის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. ტენდენცია გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის მერია, ეტაპობრივად, სრულად მოაწესრიგებს ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას.
დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობის, დაახლოებით 30 000 ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი ხორციელდება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით.