ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათივესა და სარმანიშვილისკარში სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების კენჭისყრის შედეგები ცნობილია.


 აღნიშნულ სოფლებში კენჭისყრის შედეგების შეჯამება 22 აპრილს დასრულდა. ხმის დათვლის პროცედურას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, სამოქალაქო ბიუჯეტირების საბჭოს წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები.  
 მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. 
სარმანიშვილისკარში წარდგენილ პროექტებზე ხმის მიცემა შეეძლოთ მხოლოდ სარმანიშვილისკარში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ხოლო  სათივეში წარდგენილ პროექტებზე ხმის მიცემა შეეძლოთ მხოლოდ სათივეში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ხმის მიცემა სარმანიშვილისკარში და სათივეში ტრადიციული კენჭისყრის მეთოდით  განხორციელდა. 
კენჭისყრა ასეთი შედეგებით დასრულდა:
 სარმანიშვილისკარში ხმათა უმრავლესობა - 48 ხმა  მიიღო პროექტმა „ბეტონის გზის მოწყობა“. შესაბამისად, პროექტი დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. 
 სარმანიშვილისკარში კენჭისყრაზე წარდგენილი იყო კიდევ სამი პროექტი - მინი სპორტული მოედნის მოწყობა, რომელმაც მხარდაჭერა ვერ მიიღო (0 ხმა). პროექტმა „შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია“  5 ხმა მიიღო, პროექტმა „სკვერის მოწყობა“ -  3 ხმა. 
 სათივეში ხმათა უმრავლესობა - 40 ხმა  მიიღო პროექტმა „ჭაბურღილის მოწყობა“. შესაბამისად, პროექტი დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან.
 სათივეში კენჭისყრაზე წარდგენილი იყო კიდევ სამი პროექტი - სოფელში შემოსასვლელი ბეტონის გზის მოწყობა, რომელმაც 6 ხმა მიიღო. სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტს მხარი არავინ დაუჭირა (0 ხმა); ხოლო მინი სტადიონის მოწყობის პროექტმა მიიღო 3 ხმა. 5 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
 პროექტი სლოგანით „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. 
 გარდა სარმანიშვილისკარისა და სათივისა, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი სოფელ ალშიც ხორციელდება, სადაც მოქალაქეებს სასურველი პროექტების მხარდაჭერა ელექტრონული გზით შეეძლებათ.