შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“  სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. 

პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღო. მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845  შეადგინა. მეორე ადგილზე ბათუმელი კონტენტ-კრეატორი ხვიჩა ასამბაძე გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 104 637 525 წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა ( 92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.

საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს სასტუმროებმა „კასტელო მარე“, “მონარქი”, “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, „ნიუ ვეივი“, „ბესთ ვესთერნ პლუს ბათუმი“, რესტორნებმა „რეტრო“, „რუსთაველი“, ტურისტულმა კომპანიებმა “აჭარა ტური”, “Royal Travel”, „ბათუმი ავია ტური“ და კომპანიებმა „ტურ ინვესტ ჯგუფი“, „ნოვა“, Zernoff, „კომფორტი“, „ჯიჯი“, „მერრი ტურ ენდ კოს“. მათი რჩეულები კონტენტ-კრეატორები ლაშა ველიაძე, ხვიჩა ასამბაძე, ირმა ირემაძე, ჯაბა გოგიტიძე, ზიზი ამირანაშვილი, გიო ართმელაძე, დავით ბეგიაშვილი, დიმა აბულაძე, ქეთი გურგენიძე და ცოტნე რამიშვილი  გახდნენ.  აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

წელს, კამპანიაში 120-ზე მეტი კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა, თუმცა აქტიურად 60-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროექტში. საბოლოოდ, ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად  მოგზაურობდნენ  აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად,  მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი  პოსტი გამოაქვეყნეს,  მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიარდით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200--მდე ტურისტულ ობიექტს,  ადგილსა და პროდუქტს  გაუწიეს პოპულარიზაცია.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორთვენახევრის განმავლობაში იმოგზაურეს და შიდა ტურისტებს გააცნეს აჭარის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები.  2025 წელს, კამპანიამ სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდ წვდომას მიაღწია, 2024-ში 240 მილიონზე მეტს, ხოლო 2023 წელს 100 მილიონი წვდომა  დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების  მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.