ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში სხვადასხვა ტიპის საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს, – როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორისაა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, ასევე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია- მშენებლობა, სოფლებისა და ქალაქების ურბანული განახლება.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, კახეთში, 28.6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს, რომლებიც, ეტაპობრივად, 2026 და 2027 წლებში დასრულდება. აქტიურ ფაზაშია თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის და სახიდე გადასასვლელების, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის მონაკვეთის, სიღნაღი-წნორის გზისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილების რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, ეწყობა წყალგამტარი მილები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კახეთში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 25 პროექტს ახორციელებს.
პროექტების დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 107 000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
„ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, კახეთში, სულ, 35 საბავშვო ბაღის მშენებლობა- რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება.
ინფრასტრუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების პროექტს ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ათეული სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნის, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციასა და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობას. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის ისტორიული თეატრის ფასადსა და პირველ სართულს. ველისციხეში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი გაჭიანურდა, კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით. მან ასევე, განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებენ გადაწყვეტილებას, იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა პროექტის მალე და ხარისხიანად დასასრულებლად.
ინფრასტრუქტურული პროექტები, კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს და ქვეყანას ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარ, ტურისტულად საინტერესო ცენტრს შემატებს“,- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.