ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებს ცენტრალური საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.
მოსახლეობა სახლებთან ახლოს მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებლობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათივე მტკიცებით, აღნიშნული ტერმინალზე მომავალში სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.
მოსახლეობა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.