აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების - „მთაწმინდისა“ და „გენის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია და ცნობილი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.


ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანსამბლებმა „მთაწმინდამ“ და „გენმა“ ცოცხალი მუსიკალური თანხლების ფონზე ქორეოგრაფიული სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც ეხებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას. სპექტაკლში 300-ამდე ბავშვი მონაწილეობდა.


წარმოდგენაში გამოყენებული იყო მუსიკა კინოფილმიდან „ფესვები“ (კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილის), ასევე, მუსიკალური კომპოზიციები „ავფრინდები და ფრი“ (მუსიკის ავტორი ზვიად ბოლქვაძე, ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილი) და „აჭარული ბალადა“( მუსიკის ავტორი გიორგი მოისწრაფიშვილი). ღონისძიების ბოლოს შესრულდა საქართველოს ჰიმნი.


საღამოს რეჟისორი იყო ზაზა სიხარულიძე, მთავარი ქორეოგრაფები - გიორგი ფარსენაძე (,,მთაწმინდა") და გიორგი ონიანი (,,გენი"), მუსიკალური ხელმძღვანელი - იასონ ხომერიკი, სადადგმო ჯგუფის ხელმძღვანელი - ზვიად მურვანიძე, მხატვარი - ბესო ბესელია.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფები: ნინო სურგულაძე, ზურაბ სვანაძე, ლელა სანაძე, ბაჩი დუმბაძე, სერგო ბაბაიანი, თეონა გორგოძე, კახა კუხალაშვილი, მუსიკოსები: ლაშა ქათამაძე, ამირან ჭაღალიძე, ელგუჯა ჯინჭველეიშვილი, გიორგი მალაყმაძე, რუსლან მახარაძე, გურამ აბულაძე, გიორგი ღოღობერიძე, თემო ბაკურიძე, თენგო ოქრუაშვილი, ანდრო შანიძე, მამულო ზაქარაძე, მარიკა წერეთელი, ლაშა კვერნაძე, ლევან შარვაშიძე, ვიტალი ჩხაიძე, ირაკლი ახალაია.


აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლების „მთაწმინდისა“ და „გენის“ მონაწილეობით 26 მაისის აღსანიშნავადაც გაიმართა.