სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, რომელზეც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოჭრილი ხე ჩანს, ფეისბუქის მომხმარებელთა შორის აქტიური განხილვის საგანია. მოჭრილი ხის ფოტოები, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ზაურ მარგიევმა გაავრცელა, ვიდეოს თანხლებით.
მარგიევის საპასუხოდ, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საპასუხო კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც ჩანს, აბსურდულ შემოტევებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მისამართით პერნანენტული და ამასთან ქრონიკული ხასიათი აქვს! „თავდასხმის ავტორებს“ შემოტევის „იარაღად“, ძირითადად, „ფეისბუქი“ გაუხდიათ, სადაც ურცხვად ტყუიან და გვერდის მომხმარებლებს „ნაირგვარ ზღაპრებს“ უყვებიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მოვლენების თაობაზე! ერთ-ერთი მათთაგანი, ზაურ მარგიევი გახლავთ!
პატივცემული ზაური, ერთგვარი „ფოტობრალდების“ სახით, გვერდის მომხმარებელს სთავაზობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოჭრილი მერქნიანი ხე-მცენარის ფოტოებს შემდეგი სათაურით: „მწვანე კონცხი“. ბოტანიკური ბაღი 13.12. რისთვის?“ (Зеленый мыс. Ботанический сад. 13.12.За что?). სწრაფი ეფექტის მოსახდენად, ბატონმა მარგიევმა, სწორედ „გათვალა“ და ფეისბუქმომხმარებელი ავანტიურაზე წამოაგო, რომლის რეაქციამაც არ დააყოვნა და იქვე, კომენტარების სახით, ბაღის მესვეურები ლამის „ვანდალებად“ და „მწვანე საფარის გამჩანაგებლებათ“ ვართ მონათლული (?!).
საქმის რეალური არსი კი გახლავთ ის, რომ ბაღის სპეციალური კომისიის (რომელშიც ბაღის 10-მდე სპეციალისტია გაერთიანებული) გადაწყვეტილებით, ეს ხე-მცენარე (Paulownia tomentoza, შებუსვილი პავლოვნია (ხებუერა)) შესაბამისი დეფექტური აქტის (#19, 25 ნოემბერი, 2016 წელი) საფუძველზე, („გადაბერებული, პარკისათვის ესთეტიკურად შეუფერებელი ეგზემპლარი, მოიჭრას ფესვის ყელიდან“) ბაღის ქვედა პარკში მართლაც მოიჭრა. აქვე განვმარტავთ იმასაც, რომ აღნიშნული კომისია მოქმედებს „ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მერქნიან მცენარეთა მოჭრის, მათგან სამასალე და საშეშე მერქნის დამზადების, მისი გასხვისება-რეალიზაციისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან გატანის წესი“-ს შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, 2015 წლის 26 თებერვლის #07 ბრძანებით...
გამონთავისუფლებულ ადგილას კი კომისიის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე გამოირგვება სამხრეთამერიკული არაუკარიას ეგზემპლარები. უნდა აღინიშნოს, რომ საუკუნოვანი ბაღის მცენარეთა კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაბერებულია (დაწყებული აქვს წვერხმელობა და ფესვის სიდამპლე) და საჭიროებს განახლება-შევსებას. ეს ჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომლის მართვისთვისაც, ბაღის შესაბამის განყოფილებებში მიმდინარეობს ასეთი მცენარეების ჩასანაცვლებლად ნერგების გამოყვანა და სარეზერვო ფონდის შექმნა.
ბაღის ადმინისტრაციას ნამდვილად არ აქვს სურვილი, კონკრეტული „ფეისბუქ-პოსტის“ და სხვა მსგავსი „პოსტების“ გამო ვინმესთან პოლემიკაში შევიდეს და მათი მისამართით რაიმე კონკრეტული აზრი გამოთქვას,-ნამდვილად არა! უბრალოდ, ვიტყვით, რომ მსგავსი გაუგებრობის და უხერხული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ყველას, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას, სადაც მიიღებს მისთვის სასურველ დეტალურ საჯარო ინფორმაციას!“,-ნათქვამია, ბოტანიკური ბაღის საპასუხო წერილში.