7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება.

ქართლ-კახეთის მეფის დაბადების დღიდან, წელს 304 -ე წელი შესრულდა.

თელავის მერიის ინფორმაციით, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.

მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მცხეთის სვეტიცხოველში და თელავში, ერეკლე მეორის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ.

დღის განმავლობაში ქალაქის მთავარ მოედანზე გახსნილი იქნება სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები. ღია სცენაზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები.

„ერეკლეობას“კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება. ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში დაიბადა.