ბათუმში, საოცრებათა მოედანზე მდებარე ანბანის კოშკი, 5 წლის შემდეგ, ფუნქციური დატვირთვით ოფიციალურად გაიხსნა. 

რეაბილიტაციის შემდეგ, კოშკის მწვერვალზე საინფორმაციო, ტურისტული ზონა განთავსდა. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და იძლევა საშუალებას, დაინტერესებულმა პირმა ამომწურავი ინფორმაცია, სამ ენაზე მიიღოს, საქართველოსა და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ, ონლაინ გიდის მეშვეობით.

ტურისტებისთვის აქვე იქნება შესაძლებელი, სხვადასხვა სიუვენირისა თუ თემატური ნივთების შეძენა. 

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსგავსი ობიექტის არსებობა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რეგიონმა, შესთავაზოს ადგოლობრივ თუ უცხოელ ტურისტს, კიდევ ერთი დამატებითი სერვისი, რაც საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების კმაყოფილებაზე უნდა აისახოს, რადგან უფრო მეტი ემოცია ნიშნავს, გაზრდილ კმაყოფილების დონეს“,-განაცხადა კოშკის გახსნაზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბერძენიშვილმა. 

საინფორმაციო სივრცის ქვედა ნაწილში, პანორამული რესტორანი განთავსდა, აზიურ-ევროპული სამზარეულოთი. რესტორნის სივრცეში მდებარეობს დასასვენებელი ზონა. რესტორანი მბრუნავია და ერთი საათის განმავლობაში, საშუალებას იძლევა, დაათვალიეროთ ბათუმი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილიდან, 360 გრადუსით. კოშკში მდებარეობს საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახები. კოშკის პირველ სართულზე, ღია ტერასა განთავსდა. დანარჩენი ნაწილის გახსნა, ეტაპობრივად იგეგმება.

„ვინაიდან ტურისტების მოძრაობა, ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდია და ყოველდღიურად მოდიან, პირველ რიგში, კოშკის ზედა ნაწილი გაგვეხსნა.ეს არის კოშკის სავიზიტო ბარათი და ტურისტული ზონა“,-აცხადებენ მეიჯარე კომპანიაში.

130 მეტრ სიმაღლის ანბანის კოშკის მშენებლობას საფუძველი 2010 წლის 10 ოქტომბერს ჩაეყარა. მშენებლობა კი, 2011 წელს დასრულდა. პროექტი, ესპანელ არქიტექტორს ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. ქართული ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წარმოადგენს. მასში გადაადგილება მხოლოდ ლიფტებითაა შესაძლებელი,რომელიც შემინული პანორამული კონსტრუქციისაა. 

ობიექტის მშენებლობისთვის, ბიუჯეტიდან 64 მილიონი ლარი დაიხარჯა და ამ დრომდე უფუნქციოდ იყო. გასულ წელს, ობიექტი ესპანურ კომპანია “boost spain L.S.”-ს სიმბოლურ ფასად-1 ლარად გადაეცა.