აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სენაკის მუსიკალური ფესტივალი მეათედ, საზეიმოდ გაიხსნა.
,,სენაკი არტ-ფესტივალი 2023’’, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება, გახსნეს ფესტივალის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატმა, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ, ვალერიან შიუკაშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, რუსუდან მილიუტინმა.
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მილოცვა, ფესტივალის სტუმრებს, სენაკის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა გააცნო.
სენაკის მუსიკალური ფესტივალის დამაარსებელს, ვალერიან შიუკაშვილს, მის თითოეულ წევრსა და მონაწილეს, წარმატებები უსურვეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ.
ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის წოდებითა და აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ, ათი წლის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, ფესტივალში აქტიურად ჩართული სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ფესტივალის საორგანიოზაციო ჯგუფის წევრები.
მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ფესტივალში მონაწილე ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდა შემსრულებლები და გუნდები.
16 მაისს, 19:00 საათზე, ,,სენაკი არტ ფესტივალის“ ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართება საღამო, გამორჩეული ხელოვანების, ცნობილი ქართველი მომღერლების - ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის მონაწილეობით.