ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ყველას გვესმის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სიკვდილით გახარებული არიან.
„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება, "ადამიანის სიკვდილით გახარებული" პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი.
„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი და სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.