უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ხალხია, სამი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთა შიგნით კიდე შედის პოლიტიკური ჯგუფები. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„რაც დაანონსდა დღეს არის, რომ ორშაბათს იქნება დიდი აქცია. ვნახე, რომ განსხვავებული აზრები იყო ამასთან დაკავშირებით, როდის უნდა ყოფილიყო, მათ შორის ჩვენთან, შიგნით... თარიღთან დაკავშირებით, ხვალიდან, ზეგიდან, ბევრი მსჯელობა იყო ამაზე, რომელი დღე ჯობდა. საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ხალხია, სამი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთა შიგნით კიდე შედის პოლიტიკური ჯგუფები. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით. ეს იყო კონსენსუსური ვერსია, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს.
გეგმას რაც შეეხება, ორშაბათი გამოცხადდება რაღაც. მე ვერ ვხედავ ბევრ ვერსიას გეგმისა. რაღაც მოლოდინი თუ არსებობს, რომ იქნება რაღაც ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა, ეგეთი ბუნებაში ვერ იქნება. არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არაა ბევრი ვერსია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ დღეს შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.