სააკაშვილი ეგეთი ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ცდილობს ისეთ თემებს მოაჯდეს, რომელიც მისი აზრით გატანადი და პოპულარული შეიძლება იყოს, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „გირჩთან“ საერთო მოსაზრებები აღმოაჩნდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით.
„მე არ მგონია, რომ სააკაშვილი „ტროლავდეს“ ვინმეს, მაგრამ არც ის მგონია, რომ გულწრფელი იყოს განცხადებებში. სააკაშვილი არის ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს მოაჯდეს ისეთ თემებს, რომელიც მისი აზრით შეიძლება იყოს გატანადი და პოპულარული. ასეთად ჩამოყალიბდა მინიმუმ უკანასკნელი წლების განმავლობაში. არც იმის მჯერა, რომ გააზრებული აქვს რას ნიშნავს ევროზე გადასვლა ან თუნდაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ეროვნული ბანკის გაუქმება და არც იმის მჯერა, რომ „ტროლაობს“ და ამით ერთობა. ის ცდილობს რაღაც თემები დაიჭიროს ისეთი, რომელიც შეიძლება, მისი აზრით, პოპულარული იყოს და ადამიანებს მოეწონოთ. ეს განცხადებაც, ალბათ, მაგ კალათიდანაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.