სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას შეეხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ევროპული დემოკრატიის ღირებულებების ერთგულებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე, საარჩევნო პროცესების დაკვირვების მიზნით, უკვე აკრედიტებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
„ძალიან ვაფასებთ, რომ ეს ფაქტები დადებითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატიური მისიების მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ზრუნვას მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესზე, როგორც ეს ეუთო-ს მიერ იქნა აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ. საქართველომ დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი ღირებულებები ევროპულთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ საერთო ინტერესები ევროპელ პარტნიორებთან უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავებები შეხედულებებში. ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც ადგილობრივი დემოკრატიის, ისე ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების განვითარების სასიკეთოდ“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.