თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ვერის პარკის რეაბილიტაცია - ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და მე მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებს, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ვერის პარკი არის თბილისის ისტორიული სკვერი და მოხარული ვარ, რომ მომავალი წლის ბოლომდე კიდევ ერთი განახლებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე იქნება ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.