2012 წლიდან მოყოლებული 26 შეხვედრა ჩატარდა და ამ პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ დაძაბულობამ მართლაც იკლო. ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ე.წ. პრაღის დიალოგმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა რუსეთში არის დაპატიმრებული 2008 წელს და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ისე იყო ეს ყველაფერი მიჩქმალული. 12-14 წელი ჰქონდა ამ ხალხს მისჯილი. საოკუპაციო ზოლზე ძალიან რთული ვითარება იყო შექმნილი, ნებისმიერი პატარა ნაპერწკალი დიდ ძალადობაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო, ამიტომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ შევეცადოთ ამ მაღალი ტემპერატურის დაწევა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდეს, ეკონომიკური სტაბილიზაცია დაიწყოს, გადავწყვიტეთ ამ არაფორმალური დიალოგის. ე.წ. პრაღის დიალოგის დაწყება და 2012 წლიდან მოყოლებული 26 შეხვედრა ჩატარდა. ამ პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ დაძაბულობამ მართლაც იკლო. ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ამ დიალოგმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას პრობლემების გარეშე. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა უვიზო მიმოსვლა, ახლა უკვე სტატუსი და ა.შ. რუსეთში დაკავებული ხალხი, 2-3 წელიწადში ოჯახებს დაუბრუნდნენ.
სავაჭრო კუთხით დიდი დისბალანსი იყო, 2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო შემოიღო, აქედან არაფერი გადიოდა და რუსეთიდან შემოდიოდა ყველაფერი დიდი რაოდენობით. ეს დისბალანსი ჩვენ გამოვასწორეთ. გარდა ამისა 2011 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ჩვენ ეს უნდა გამოგვეყენებინა, ნორმალური ვაჭრობის ვალდებულებები აიღო რუსეთმა. დღეისთვის მილიარდობით დოლარის პროდუქციაა გატანილი რუსეთში, ამან ხელი შეუწყო მთელი დარგების განვითარებას, რაც საქართველოს მოხმარდა. ამ ფორმატმა გააკეთა ისიც, რომ გამარტივდა ჩვენი დიდი დიასპორის ცხოვრებაც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.