„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადააქცია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი რამ დადასტურდა, პირველი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამტკიცებით, 6 ხელმოწერით, ფაქტობრივად, ეს 6 მოსამართლე იმპიჩმენტს უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციას და მეორე - ეს 6 მოსამართლე, უკვე დადასტურებულად, უტყუარად ითვლება, რომ ჰყავს ივანიშვილს აშშ-ს მიერ დასანქცირებული ჩინჩალაძის მეშვეობით, რომელიც რა დავალებას მისცემს, მას იმას შეასრულებენ. სამწუხაროდ ასეა.
ჩვენ დღეს მოვისმინეთ ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ასევე, გავეცანით პრესრელიზს და პრესრელიზის წაკითხვა ჩვენ უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებაში სამართლებრივს ვერაფერ ღირებულს ვერ ჩაწერენ. მეტსაც გეტყვით, იმ სამი ღირსეული მოსამართლის განსხვავებული აზრი უფრო წონადი იქნება. მერწმუნეთ, ეს ასე იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სარეზოლუციო ნაწილი მე წავიკითხე და იქ არის მოყვანილი უსუსური არგუმენტი, თითქოს, კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა დაინახეს და ვერ დაინახეს 49-ე მუხლის დანაწესი, რაც პრეზიდენტს ცალსახად ანიჭებდა იმას, რომ ეს ვიზიტი განეხორციელებინა უცხოეთში.
აქ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. „ქართულმა ოცნებამ“საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტია,რომ გადააქცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის იმპიჩმენტი“ , - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა




