პია კაუმას ვიზიტის გადადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა ძალები ებრძვიან დღეს ჩვენს სახელმწიფოს, რა ძალებს არ უნდათ მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, „ვიზიტის გადადება ცუდი პრეცედენტია, რადგან აღმოჩნდა, რომ პია კაუმამ ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ევროპარლამენტარებისგან განხორციელდა“.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც არ უნდათ, არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წარმატება, პირველ რიგში, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. შეფასებისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს. ვიზიტის გადადება მიუთითებს მათ შორის იმაზე, რომ თავად ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია არ აღმოჩნდა მზად მასთან სალაპარაკოდ, რადგან იგივე ეუთო-ს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ჩვენ თავის დროზე მოვისმინეთ საპარლამენტო დელეგაციის განცხადებები, შეფასებები, რომლებიც 27 ოქტომბერს გაკეთდა, შეფასებები, რომლებიც მას შემდეგ გაკეთდა და მთავარი ვიზიტის ამოცანა იყო ის, რომ უკვე დაგვეწყო მუშაობა ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც ჰქონდა ეუთოს. რა თქმა უნდა, ამისათვის მზაობის არარსებობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიციისთვის მთავარი არ არის არჩევნები, მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და რაც ყველაზე მთავარია, სამწუხაროდ, არჩევნების გარეშე, რადგან ახალი არჩევნები მათ მოუტანს არა გამარჯვებას, არამედ კიდევ ერთ შანსს რევოლუციისა, რომელიც არ და ვერ შედგა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.
ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.
პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც. მისი თქმით, „პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“.
დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.